ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რაიონული სასამართლოები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში). საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).

რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.