პრეამბულა
ჩვენ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები,
ვაცნობიერებთ რა, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო-საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები ფუნქციონირებენ ურთიერთშეკავების და გაწონასწორების რეჟიმში, ისე, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ამგვარი საზოგადოების უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს წარმოადგენს;
ვაცნობიერებთ რა, რომ მხოლოდ სამოსამართლო ფიცის ერთგული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი, წესიერი, თანასწორობის პრინციპის დაცვით მოქმედი, კომპეტენტური და გულმოდგინე მოსამართლეები უზრუნველყოფენ სამართლიანი სასამართლოს არსებობას;
ვაღიარებთ რა, რომ როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების, ისე - სხვა, არასამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლის სათანადო ეთიკური ქცევა სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლების და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის გარანტს წარმოადგენს;
მიზნად ვისახავთ რა, რომ სამოსამართლო ეთიკა ეყრდნობოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სამოსამართლო ეთიკის სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს“ და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №3 დასკვნას,
ვადგენთ წინამდებარე წესებს, რომელთა დაცვა თითოეული მოსამართლის პირადი მოვალეობაა; ამასთან, ეს წესები არ წარმოადგენს მოსამართლეთა ქცევის ამომწურავ სახელმძღვანელოს და მისი რომელიმე ნორმა, მოსამართლის ქცევის სათანადოობის შეფასებისას, გამოიყენება არა ცალკე მდგომი მნიშვნელობით, არამედ - ყველა სხვა ნორმასთან ერთობლიობაში;
დაუშვებელია ამ წესების ნორმების ისეთი განმარტება, რაც ხელს შეუშლის მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ფუნდამენტურ დამოუკიდებლობას;
ამ წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ, დისციპლინურ, სამოქალაქოსამართლებრივ თუ სხვა სახის პასუხისმგებლობას მხოლოდ შესაბამისი, სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ნაწილი I. დამოუკიდებლობა
სასამართლო დამოუკიდებლობა არის კანონის უზენაესობის და სამართლიანი პროცესის ფუნდამენტური გარანტიის წინაპირობა.
მუხლი 1
მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
მუხლი 2
მოსამართლე არის სამოსამართლო ფიცის ერთგული, კანონიერების და მის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტი. პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ან სხვაგვარი ურთიერთობა, მხარის სტატუსი, მედიის ზეწოლა, კრიტიკის (მათ შორის - უსაფუძვლო კრიტიკის), ფიზიკური ზიანის ან დევნის შიში მოსამართლის აზრზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, გამბედავად და გულისხმიერად.
მუხლი 3
მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი.
მუხლი 4
მოსამართლე არ უნდა იყოს დამოკიდებული თავის კოლეგა მოსამართლეებზე ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მან დამოუკიდებლად უნდა გამოიტანოს. დაშვებულია მოსამართლეთა შორის აზრთა გაცვლა მართლმსაჯულების განხორციელებისას წამოჭრილ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით.
მუხლი 5
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს სხვა მოსამართლეებთან ისეთი კომუნიკაციისგან, რომლის მიზანია ამ მოსამართლეების მიერ განსახილველი საქმის შედეგზე გავლენის მოხდენა.
ნაწილი II. მიუკერძოებლობა
მიუკერძოებლობა არის მნიშვნელოვანი სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად. ის ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც, რომლის შედეგად გადაწყვეტილება მიიღება.
მუხლი 6
მოსამართლემ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს რომელიმე მხარისადმი მიკერძოების, ფავორიტიზმის ან წინასწარი განწყობის გამოვლენის გარეშე. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელიც პროცესის მონაწილეებს ან საზოგადოებას შეუქმნის რწმენას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების წარდგენამდე და მხარეთა არგუმენტების მოსმენამდე.
მუხლი 7
1. მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. მოსამართლეს ეკრძალება მის წარმოებაში არსებული საქმის შედეგზე წინასწარ მითითება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული (მაგ.: მორიგების მიზნით დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე მითითება და სხვ.) განმარტებების მიცემისა.
3. მოსამართლე ვალდებულია - კანონით აკრძალული ფორმით კომუნიკაციის მცდელობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს, ასევე - შეატყობინოს კომუნიკაციის ფაქტისა და შინაარსის შესახებ სხვა მხარეებს და ადვოკატებს, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება.
მუხლი 8
1. მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე, როცა არსებობს აცილების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი.
2. მოსამართლემ უნდა იმოქმედოს იმგვარად, როცა ეს შესაძლებელია, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს საქმის აცილების აუცილებლობა.
მუხლი 9
მოსამართლე უკანონოდ არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში საქმეთა განაწილებაში.
მუხლი 10
1. მოსამართლემ თავისი უფლება გაერთიანების, გამოხატვის, შეკრების, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებაზე ყოველთვის უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ხელშეუხებლად დაიცვას მოსამართლის ღირსება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
2. მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რათა საზოგადოებამ არ აღიქვას იგი ერთი პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფის მხარდაჭერად, ან არ წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 11
მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს აზრი სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთან, დასაშვებია საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება.
მუხლი 12
მოსამართლეს ეკრძალება გაწევრიანება პოლიტიკურ გაერთიანებაში, პოლიტიკური საქმიანობა, საარჩევნო სუბიექტის საჯარო მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა, პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ, მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში, დემონსტრაციებში, ფონდების მოძიებაში ან სხვა მსგავსი ხასიათის ინიციატივებში საჯაროდ ან კერძოდ. აკრძალვა არ ვრცელდება იმ საჯარო (მათ შორის - პოლიტიკურ) პროცესში ჩაბმასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
ნაწილი III. კეთილსინდისიერება (შეუვალობა)
კეთილსინდისიერებას (შეუვალობას) აქვს არსებითი მნიშვნელობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საქციელი ინფორმირებული, ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო.
მუხლი 13
მოსამართლის ყოველი ქმედება (საქციელი) უნდა განამტკიცებდეს ადამიანების რწმენას სასამართლო ხელისუფლების კეთილსინდისიერებისადმი. მან არ უნდა გამოიყენოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხდომა პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ან სხვა იმგვარი პირადი მოსაზრებების გამოსახატად, რომლებიც აშკარად არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტის ამოცანებს.
მუხლი 14
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 134, 135 და 204 მუხლების დარღვევას.
მუხლი 15
მოსამართლემ ხელი არ უნდა შეუშალოს დისციპლინური წარმოების ეფექტურად წარმართვას.
ნაწილი IV. წესიერება (შესაბამისობა)
წესიერება და წესიერების გამოჩენა არის არსებითი მოსამართლის ყოველგვარ საქმიანობაში.
მუხლი 16
მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. მოსამართლის პირადი, საზოგადოებრივი და პროფესიული ქცევა კარგად ინფორმირებული, ობიექტური, კეთილსინდისიერი დამკვირვებლის მიერ უნდა აღიქმებოდეს ღირსეულ, უმწიკვლო ქცევად.
მუხლი 17
მოსამართლე უნდა მოერიდოს დამამცირებელი აზრის საჯაროდ გამოხატვას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე. მოსამართლის კრიტიკას სამოსამართლო აზრის გამოთქმისას სხვა მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომელიც არ დააზიანებს საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მოსამართლეს უფლება აქვს - სასწავლო ან სამეცნიერო ხასიათის კომენტარი გააკეთოს სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილებების შესახებ.
მუხლი 18
იურიდიული პროფესიის ცალკეულ წარმომადგენლებთან პირადი ურთიერთობისას, რომლებიც რეგულარულად გამოდიან მოსამართლის წინაშე სასამართლოში, მოსამართლე უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც გონივრულია შექმნან მიკერძოების ან უპირატესობის მინიჭების ეჭვი.
მუხლი 19
მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარებისგან სასამართლოში საქმის წარმოების მონაწილესთან, რომლის საქმესაც განიხილავს ეს მოსამართლე, როდესაც ასეთი ურთიერთობა გამოიწვევს მოსამართლის მიკერძოებას და/ან უპირატესობის მინიჭებას მონაწილისთვის, თუ მოსამართლისთვის ცნობილია მხარის ვინაობა.
მუხლი 20
მოსამართლემ მის მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოარკვიოს საკუთარი ფინანსური ინტერესების (როგორც პირადის, ისე მინდობილის) არსებობა, აგრეთვე - მიიღოს გონივრული ზომები, რათა გამოარკვიოს მისი ოჯახის წევრების ფინანსური ინტერესების არსებობა.
მუხლი 21
1. მოსამართლემ უნდა დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გაამჟღავნოს ან გამოიყენოს იგი სხვა ისეთი მიზნით, რაც არ უკავშირდება სამოსამართლო ფუნქციების შესრულებას.
2. მოსამართლეს ეკრძალება სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება.
მუხლი 22
მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს და დაამციროს სასამართლოს პრესტიჟი თავისი პირადი, მისი ოჯახის წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პირადი ინტერესების სასარგებლოდ. მან არ უნდა დაუშვას, რომ მისმა ოჯახურმა, სოციალურმა თუ სხვაგვარმა ურთიერთობამ არასათანადო გავლენა მოახდინოს მის, როგორც მოსამართლის ქცევაზე ან მის, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მოსამართლემ არც თვითონ უნდა დატოვოს შთაბეჭდილებადა არც სხვებს უნდა მისცეს საშუალება - დატოვონ შთაბეჭდილება, რომ ვინმეს შეუძლია არასათანადო გავლენა იქონიოს მოსამართლეზე მის მიერ სამოსამართლო ფუნქციების განხორციელებისას.
მუხლი 23
მოსამართლემ არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან სხვა სარგებელი, თუ:
ა) მისი მიღება აკრძალულია კანონით;
ბ) მას იღებს იმგვარი მოქმედების/უმოქმედობისათვის, რაც ისედაც ევალებოდა საკუთარი სამოსამართლო მოვალეობების განხორციელების ფარგლებში.
მუხლი 24
სოციალური მედიის გამოყენებისას მოსამართლე უნდა დაემორჩილოს ამ წესების ყველა მოთხოვნას.
ნაწილი V. თანასწორობა
სასამართლოს წინაშე ყველას მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას.
მუხლი 25
მოსამართლე ვალდებულია - უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთა კანონის წინაშე თანასწორობა. დაუშვებელია, რომ პროცესის მონაწილის რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, წოდებრივი, თანამდებობრივი, ქონებრივი, რელიგიური, სქესობრივი კუთვნილება ან სხვა გარემოება გავლენას ახდენდნენ მოსამართლის უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელებაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გარემოება წარმოადგენს საქმის საგანს.
მუხლი 26
1. სამოსამართლო ფუნქციების შესრულებისას მოსამართლემ არც სიტყვიერად და არც ქმედებით არ უნდა გამოხატოს მიკერძოება და წინასწარ შექმნილი აზრი ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ არასათანადო საფუძვლით.
2. მოსამართლე არ ჩაებმება სექსუალურ შევიწროებაში.
ნაწილი VI. კომპეტენტურობა, გულისხმიერება და სამართლიანობა
კომპენტენტურობა, გულისხმიერება და სამართლიანობა სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების წინაპირობებია.
მუხლი 27
მოსამართლემ მაღალ დონეზე უნდა შეინარჩუნოს პროფესიული კომპეტენცია. მან თავისი მოვალეობები გულისხმიერად და სამართლიანად უნდა შეასრულოს.
მუხლი 28
მოსამართლე ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით უნდა ეპყრობოდეს კოლეგებს, პროცესის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას. ამასთან, სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგის დაცვა, ხოლო წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
მუხლი 29
მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს, აგრეთვე - თვალყურს ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, კორექტულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას ან არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ დაუშვებელი ნიშნის (რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური შეხედულება და სხვ.) მიხედვით.
მუხლი 30
მოსამართლე ვალდებულია - სათანადო რეაგირება მოახდინოს კოლეგის, სასამართლოს მოხელის, მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაზე, თუ იგი ამ ფაქტის თვითმხილველია.
მუხლი 31
სამოსამართლო ფუნქციების სათანადო კომპეტენტურობით განხორციელების მიზნით, მოსამართლე ვალდებულია - პერიოდულად იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს და სისტემატურად ეცნობოდეს მის სფეროში მიმდინარე სიახლეებს. იგი აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.
მუხლი 32
სპიკერი მოსამართლე, მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე, გასცემს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობაზე, აგრეთვე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებათა გაშუქებას.
მუხლი 33
მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავშეკავება ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.
მუხლი 34
მოსამართლემ არ უნდა განახორციელოს ქმედება, რომელიც შეუთავსებელია სამოსამართლო ფუნქციების გულისხმიერად განხორციელებასთან.
მუხლი 35
მოსამართლე უნდა მოერიდოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევას დაუსაბუთებელი მიზეზით.
ნაწილი VII. არასამოსამართლო საქმიანობა
იმყოფება რა საზოგადოების მუდმივი დაკვირვების ქვეშ, მოსამართლემ უნდა აიტანოს ყველა ის პერსონალური შეზღუდვა, რომელიც შესაძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს ძნელად მოეჩვენოს და ეს უნდა გააკეთოს თავისუფლად და ნებაყოფლობით.
მუხლი 36
მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
მუხლი 37
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
მუხლი 38
1. მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს გარიგებაში, რომელიც ლახავს სასამართლოს ღირსებას ან სხვაგვარად უშლის ხელს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მოსამართლე არ უნდა ჩაებას ფინანსურ და ბიზნეს გარიგებებში, რომელიც გულისხმობს მოსამართლის პოზიციის (თანამდებობრივი პრესტიჟის) ბოროტად გამოყენებას, ჩააბამს მას ხშირ ტრანზაქციებში ან განგრძობით ბიზნეს ურთიერთობებში ადვოკატებთან ან სხვა პირებთან, რომლებსაც შეიძლება მოუხდეთ იმ სასამართლოში საქმიანობა, რომელსაც წარმოადგენს კონკრეტული მოსამართლე.
3. მოსამართლემ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სერიოზული ფინანსური სირთულეების არსებობის შემთხვევაში, კერძოდ - თუ ამასთან დაკავშირებით დაწყებულია ან შეიძლება დაიწყოს სამართლებრივი წარმოება.
მუხლი 39
მოსამართლე არ შეიძლება გახდეს ისეთი გაერთიანების წევრი, რომელიც მისი წევრებისაგან ერთგულების ფიცის დადებას (ლოიალობის დადასტურებას) მოითხოვს, ან თავისი საიდუმლო ხასიათიდან გამომდინარე მისი წევრების მონაწილეობასთან დაკავშირებით არ უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.
მუხლი 40
მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.