2017 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სასამართლო ხელისუფლებამ შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავება სასამართლო სისტემის რეფორმირების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა წარიმართება კონკრეტული მიმართულებით და უზრუნველყოფს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებით სასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებას.
სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სტრატეგიულმა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული უწყებების აქტიურობით. სტრატეგიული კომიტეტი შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს, სახალხო დამცველის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით (მათ შორის - საერთაშორისო ექსპერტებით).
კომიტეტის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, დოკუმენტებში სრულად აისახა როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე - საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული არაერთი გამოწვევა, რომლთა წინაშეც არის ქართული სასამართლო სისტემა.
სასამართლო სისტემის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 5 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება აერთიანებს, ესენია: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა; სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. თითოეული მიმართულების კუთხით, სტრატეგიაში ასახულია რეალური გამოწვევები, განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და მათი შესატყვისი კონკრეტული ღონისძიებები.
სტრატეგიის განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება დასახულ ამოცანებს. გეგმის მსხვილი პროგრამები, თავის მხრივ, დაყოფილია შედარებით მცირე ღონისძიებებად. სამოქმედო გეგმის ღონისძიებების ვადა გათვლილია, დადგენილია მათ განსახორციელებლად საჭირო რესურსები და შესრულებაზე პასუხისმგებელი/თანაპასუხისმგებელი ორგანოები.