სასამართლო სისტემის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, 2017 წლის შუა პერიოდიდან დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მეოთხე ტალღა“. რეფორმის ფარგლებში შექმნილია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
სარეფორმო ჯგუფის მიერ გამოკვეთილია რეფორმის პროცესის რამდენიმე პრიორიტეტი: დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურის დახვეწა, სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესება და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.
ზემოაღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა. ამ ეტაპისთვის მომზადებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შესახებ ერთიანი კანონპროექტი.