ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორია

1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი. ახალი კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნა. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 დეკემბრის N 868 - I დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება.

საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 12 წევრით, სადაც 3 მოსამართლე იყო წარმოდგენილი. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 4 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული 1 წევრი.

2004 წლის 30 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 9 წევრით, თუმცა აღნიშნულს მოსამართლეთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 2 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა ერთს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.

2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით, რომელთაგან 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.

საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.

2006 წლის 25 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 9 წევრით.