ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

The Heritage Foundation - საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

09 თებერვალი 2018

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრებმა - დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა The Heritage Foundation-ის კვლევის შედეგები შეაჯამეს.

ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კვლევითი ცენტრის, The Heritage Foundation-ის გამოკვლევით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში - ლიდერობს. აღსანიშნია, რომ საკუთარი მაჩვენებლით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს -  მალტას, ესპანეთს, იტალიას, რუმინეთს, საბერძნეთს, ლატვიას, ჩეხეთს, სლოვენიას, უნგრეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, ბულარეთსა და სლოვაკეთს.

The Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 1995 წელს შექმნა და ამის შემდეგ ყოველწლიურად ატარებს ეკონომიკური თავისუფლების კვლევას  მსოფლიოს 180 სახელმწიფოში. თავის მხრივ, კვლევა ეფუძნება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ორიენტირებულია ეკონომიკური გარემოს ოთხ ძირითად ასპექტზე, ესენია:

  • კანონის უზენაესობა
  • მთავრობის სიდიდე
  • რეგულაციების ეფექტურობა
  • ბაზრის ღიაობა

ხსენებული ოთხი კატეგორიის პირობების შეფასებისთვის, ინდექსი ზომავს ეკონომიკური თავისუფლების 12 კონკრეტულ (სპეციალურ) კომპონენტს, მათ შორის, 2017 წლიდან - სასამართლოს ეფექტიანობას, რომელსაც ცენტრი აფასებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

  • სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • სასამართლო პროცესის ხარისხი
  • კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ პრესკონფერენციაზე, კვლევის მონაცემების წარდგენისას  საბჭოს წევრებმა  აღნიშნეს, რომ აღნიშნული მიღწევა გამომდინარეობს იმ სასამართლო რეფორმების შედეგებიდან, რომელიც  განხორცილედა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტიური თანამშრომლობით.