ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

MATRA სამართლის უზენაესობის ტრენინგ- პროგრამის წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

09 თებერვალი 2017

2017 წლის 8 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს MATRA სამართლის უზენაესობის ტრენინგ- პროგრამის წარმომადგენლობითი დელეგაცია   ეწვია.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი - პეპინ გერიტსი, ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის დარგში ლეიდენის სამართლის სკოლის პროფესორი - რიკ ლოუსონი, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის სამართლის უზენაესობის ტრენინგ- პროგრამის მენეჯერი - როს მერტენსი.

ნიდერლანდების დელეგაციას  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა 8 სხვადასხვა ტრენინგ- პროგრამა და ის შესაძლებლობები, რომელსაც სამართლის უზენაესობის ტრენინგის პროგრამა MATRA სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს მოხელეებს.  

MATRA  სამართლის უზენაესობის ტრენინგის პროგრამა 10 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) საჯარო მოხელეებისათვის არის ინიცირებული და დაფინანსებული ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჰააგის აკადემიის მიერ.