შორენა მეზურნიშვილი დაიბადა 1983 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში.
განათლება:
2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №50-ე საშუალო სკოლა.
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით.
2007 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში წარმატებით გაიარა და დაასრულა პოლიტიკური და ეკონომიკური სწავლების ამერიკული ინსტიტუტი (ქ. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა).
2008 წლის ივლისში წარმატებით დაასრულა რენე კასინის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 39-ე სასწავლო სესია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შედარებით სამართალში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი).
2008 წლის ნოემბერში გაიარა სასწავლო პროგრამა: „შესაძლებლობათა განვითარება საერთაშორისო ურთიერთობებში: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი“ (შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო).
2010 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის“ გამარჯვებული და იმავე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში წარმატებით გაიარა სტაჟირება ქ. ვაშინგტონის (აშშ) ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში.
2012 წლის მარტში წარმატებით დაასრულა ჰერტის მმართველობის სკოლის ზამთრის აკადემია (ქ. ბერლინი, გერმანია).
შორენა მეზურნიშვილს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართლის სხვადასხვა საკითხზე. ექსპერტის რანგში მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა სხდომებში, ასევე ადამიანის უფლებათა საკითხების ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომებში. იგი ასევე მონაწილეობდა სტრასბურგის სასამართლოში გამართულ სხდომებში.
2017 წლის დეკემბერში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით).
სამუშაო გამოცდილება:
2006 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში, სტაჟიორ-პროკურორად.
2007-2008 წლებში მუშაობდა პროკურორად საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში.
2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2013 წლის ოქტომბერში წარმატებით გაიარა კონკურსი და დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
2018 წლის თებერვლიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.