გაზეთ ,,ბათუმელები“-ს რედაქციას, მათ მიერ გამოგზავნილ შეკითხვებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, თამარ სულაქველიძის მიერ, პასუხი წერილობით 2011 წლის 13 დეკემბერს გაეგზავნა - მისამართზე batumelebi2@yahoo.com, რის შემდეგაც, გაზეთის მხრიდან არავინ შეგვხმიანებია, თუმცა, ჩვენს პასუხში მითითებული იყო პასუხის ავტორის სრულყოფილი საკონტაქტო მონაცემები.
ამის მიუხედავად, გაზეთის 2012 წლის 08 იანვრის ნომერში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესმდივანს თითქოსდა ორი კვირის განმავლობაში უკავშირდებოდა საჯარო ინფორმაცის თაობაზე და შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს გაზეთ ,,ბათუმელები“-ს ჟურნალისტის მხრიდან არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაა, ვიქონიოთ იმედი, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპით, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ჩვენთან დაცული ინფორმაცია, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.