ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცვლილებები მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში

17 სექტემბერი 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში ცვლილებები დაამტკიცა. პროექტი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაზუსტდა, თუ რას უნდა შეიცავდეს  კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.  ეს არის  განათლების, სამუშაო გამოცდილების, პროფესიული და აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია. დაკონკრეტდა სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი, საიდანაც შეფასების დეპარტამენტმა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს. ასევე დაზუსტდა, თუ რა სახის ინფორმაციას მოიძიებს დეპარტამენტი. ეს ეხება ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციას; ბ) მედიასა და ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომ ინფორმაციას; გ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებულ ინფორმაციას; დ) სასამართლო პროცესში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას; ე) წინა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დადგენილი წესით მოპოვებულ იმ ინფორმაციას, რომელიც მისი შინაარსიდან გამომდინარე არ საჭიროებს გადამოწმებას ან განახლებას; ვ) კანდიდატის მიერ ჩატარებული სასამართლო სხდომების ვიდეოჩანაწერებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სურვილის შემთხვევაში.

გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის წესში გაიწერა  მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის შედეგების წარდგენის ვადები.