გასული წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემატურად მართავდა ანალოგიურ შეხვედრებს, სადაც გამოთქმნული მოსაზრებების, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მომზადდა სასამართლო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისათვის გამიზნული კანონპროექტები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლეთათვის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის უფრო მყარ გარანტიებს და სასამართლო სისტემის შემდგომ სრულყოფას.
- კერძოდ, დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს მხოლოდ მოსამართლე.
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენლებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა.
- დაუშვებელი ხდება საბჭოს მიერ სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება კანონის უხეში დარღვევისა და შრომის დისციპლინის დარღვევის გამო, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება ერთი და იგივე საფუძვლით.
- სადისციპლინო კოლეგიის წევრთა უმრავლესობა მოსამართლეები იქნებიან და მათ აეკრძალებათ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება.
- დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მთლიანად კონფიდენციალურია, ახალი კანონპროქტი კი საშუალებას აძლევს მხარეს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ამის გარდა სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.
- მოსამართლის თანხმობით გადაწყდება მისი სხვა სასამართლოში მივლინების საკითხი.
უცხოური მისიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოიწონეს წარმოდგენილი ცვლილებები და აღნიშნეს, რომ ეს არის სასამართლო სისტემის დემოკრატიზაციისაკენ წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.