2011 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძე, ლაშა კალანდაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების ხელმძღვანელები ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ და ,,ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“–ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მათ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ერთობლივი წინადადებები წარუდგინეს, რომლებიც სასამართლო სხდომების ვიდეო, ფოტო, ტრანსლაციის, სტენოგრაფირების, აუდიოჩაწერაზე რეაგირებისა და სასამართლო სისტემაში დაცულ დოკუმენტებში მონაცემთა დამუშავების წესს შეეხება.
წარმოდგენილი დოკუმენტის პარალელურად იმსჯელეს ამ მიმართულებებით არსებულ პრობლემებსა და კონკრეტულ წინადადებებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.
დასასრულს შეჯამდა არსებული, განხილული წინადადებები და წამოიჭრა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნულმა შეხვედრამ მონაწილეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. სამომავლოდ დაიგეგმა მსგავსი შეხვედრების გამართვა.