ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ღია წერილი

23 თებერვალი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ  ირაკლი კობახიძეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს

 

ბატონებო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის არჩევისათვის ჩატარებულმა პროცედურებმა ჯერ საქართველოში და შემდეგ ევროპის საბჭოში, გამოავლინა გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ევროპის საბჭოს პროცედურების გაუმჯობესების მიზნით მე უკვე მივმართე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ჩემი რამდენიმე  წინადადებით. ნება მიბოძეთ, ახლა თქვენ გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა შეიცავალოს ეროვნულ პროცედურებში, რათა შესაძლებელი გახდეს ყველაზე უფრო შესაფერისი კანიდატურების გამოვლენა და წარდგენა.

შეფასების კრიტერიუმები:

პირველ რიგში უნდა დაიხვეწოს კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები. ისინი უნდა განისაზღვროს იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომლებსაც თავად ევროპის საბჭო ადგენს და რომლებიც გამოკვეთილია მის მიერ შემუშავებულ  „კურკულუმ - ვიტეს“ ფორმულარში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ავსებენ. ესენია: 

  • კანდიდატის აკადემიური და სხვა კვალიფიკაცია, მისი საერთო პროფესიული და სხვა საქმიანობა თუ გამოცდილება;  
  • უშუალოდ სასამართლო სისტემაში საქმიანობის გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში  და უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება;  
  • კანდიდატის პოლიტიკური ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა;     
  • ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ცოდნა.  (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭოს, მას, ვინც ორივე ოფიციალურ ენას ფლობს ან მეორე ენის საბაზისო ცოდნა მაინც გააჩნია. ეს მიდგომა დიდი ხანია, რაც ევროსაბჭომ დაამკვიდრა და ჩვენც ვალდებულნი ვართ მას მივყვეთ);   
  • სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

დამატებით, საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან და დამკვიდრებული მიდგომებიდან გამომდინარე, ამას  უნდა დაემატოს  კიდევ მორალური კრიტერიუმის მიხედვით შეფასება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს კანდიდატის პრინციპულობა, კეთილსინდისიერება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისადმი შეუგუებლობა, რაც მისი ცხოვრებისეული ნაბიჯებით უნდა იყოს დადასტურებული.

შეფასების წესი:

თითოეული  ამ კრიტერიუმით შეფასება  ცალკე ქულით უნდა მოხდეს, კომისიის თითოეულმა წევრმა თავისი ქულობრივი შეფასება უნდა დაასაბუთოს  და  შედეგები დაჯამდეს.  მხოლოდ ასეთი შემაჯამებელი ქულა იქნება სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობასთან ამა თუ იმ კანდიდატის შესაფერისობის ხარისხის რეალურად მაჩვენებელი.

შემფასებელი კომისია

ვგონებ სადავო არ არის, რომ კომისიის წევრები უნდა იყვნენ მაღალკომკომპეტენტურები და მიუკერძოებლები. წინა კონკურსმა აჩვენა ერთი და იმავე კანდიდატის რადიკალურად განსხვავებული - მინიმალური და მაქსიმალური შეფასებები კომისიის წევრთა მხრიდან.  ვისი შეფასებები იყო სამართლიანი და ვისი არა, ვინ იყო მიკერძოებული და ვინ არა, ამის თაობაზე საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კომისიის ყველა წევრი მიუკერძოებელი იყოს? ამაზე ზუსტი პასუხი არა მაქვს, რადგან ეს თითოეული კომისიის წევრის ღირსებისა და კეთილსინდისიერების საკითხია.

ერთადერთი ყველაზე მჭრელი საშუალება ის იქნება, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ჩანაწერი, ისევე როგორც კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. შესაძლოა, გასაუბრების ჩანაწერი საჯაროდ გამოქვეყნდეს,   რათა ყველამ ნათლად დაინახოს ვის ეკუთვნოდა მაქსიმალური შეფასება და ვის - მინიმალური,   კომისიის რომელი წევრი იყო მიკერძოებული, და რომელი არა.

იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ხომ არ შემოვიღოთ რეგულაციები ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თუნდაც ამგვარი კონფლიქტის ყველაზე უფრო აშკარა შემთხვევებში.

პრევენციული ღონისძიებები:

კიდევ ორი წინადადება, რომელიც  შიდა პროცედურებთან დაკავშირებით მინდა  შემოგთავაზოთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კრიტერიუმების არაადეკვატურობისა თუ პროცედურის გაუმართაობის გამო ევროსაბჭოდან სიის უკან დაბრუნება:  

პირველი, კარგი იქნება, თუ შიდა პროცედურული წესები და კრიტერიუმები ჯერ ევროპულ მონიტორინგს გაივლის და წინასწარ გვექნება დასტური ამ კრიტერიუმებისა და პროცედურული წესების ადკვატურობაზე. (სხვათა შორის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ისიც შევთავაზე, რომ თავად ევროპის საბჭოს შეემუშავებინა ეროვნულ სისტემებში გამოსაყენებელი პროცედურების ერთგვარი მოდელი და კანდიდატთა შეფასების განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლის გამოყენების რეკომენდაციაც მიეცემოდათ ეროვნულ მთავრობებს. გამოვთქვი აზრი, რომ ეს  უზრუნველყოფდა კანდიდატთა შერჩევის პროცესში ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრებას ევროპის საბჭოს ყველა სახელმწიფოში);

და მეორე,  ასევე კარგი იქნება, თუ კანდიდატებთან გასაუბრებას დაესწრება საკუთრივ ევროსაბჭოს წარმომადგენელი, მათ შორის, საკუთრივ კანდიდატთა შერჩევა-შეფასების იმ კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან ინტერვიუს ატარებს პარიზში. ეს აგვაცდენდა სპეკულაციების ნიაღვარს და ამ კომიტეტის წევრებსაც დაზოგავდა იმისაგან, შორიდან გარკვეულიყვნენ ქართული ტყუილ - მართალის ლაბირინთებში.