ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ - ამ თემაზე დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

05 ნოემბერი 2018

 

“ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში’’- ამ თემაზე დღეს  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვილბერმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანიმ გახსნეს.

 

სასამართლო სისტემაში ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს.

 

"ქალ მოსამართლეთა როლი მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის და ეს გათვალისწინებულია სასამართლო სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ამ მხრივ სასამართლოში ნამდვილად არის დადებითი ტენდენცია. პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში დღევანდელი მდგომარეობით გამწესებულია 294 მოსამართლე - 159 ქალია და 135 კაცი. ნამდვილად რჩება გამოწვევად ის, რომ მენეჯერულ პოზიციებზე, შესაძლოა, იგივე ბალანსი არ გვქონდეს, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მიმართულებით მუშაობს. დღევანდელი კონფერენცია და ამ საკითხებზე ექსპერტებთან ერთად მსჯელობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის გასაზრდელად", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, ექსპერტები, საკანონმდებლო ხელისუფლების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საერთაშორისო კონფერენცია ევროპის საბჭოს ოფისის, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის - PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის - EU4Justice ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.