ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაეს სასამართლოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის შეფასების მისია ეწვია

20 სექტემბერი 2017

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი  სასამართლოსა და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში  საქართველოს წარმომადგენლის  მოწვევით, ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში, თბილისს ეწვია მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისია,  კომისიის პრეზიდენტის გეორგ სტავას ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრეზიდენტი რამინ გურბანოვი, სასამართლო სისტემის შეფასების სამუშაო ჯგუფის (CEPEJ-EVAL) ხელმძღვანელი ჟან პოლ ჟანი, „CEPEJ“-ს სამდივნოს თანამშრომლები, სტატისტიკის სპეციალისტი ლიდია ნაუმოვსკა და სასამართლო სისტემაში დროის მენეჯმენტის სპეციალური მრჩეველი იანიკ მენცერი.

დელეგაციის ვიზიტი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში მონაცემების შეგროვების სანდოობის გაზრდას და ხელს შეუწყობს მონაცემების შეგროვების ეფექტური შიდა მექანიზმების დანერგვას წევრ ქვეყნებში. ასევე, მსგავსი შეხვედრები მონაწილე ქვეყნებში იძლევა შესაძლებლობას, რომ  „CEPEJ“-ს ანგარიშების წარმოების საუკეთესო პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ წევრი ქვეყნების საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლებს.

ევროპელი სტუმრები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა შეფასების კომისიის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს იყოს აქტიური ქვეყანა რეფორმების განხორციელების კუთხით და გაითვალსიწინოს ყველა ის რეკომენდაცია ევროპელი კოლეგების მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესში ცვლილებათა ეფექტურ განხორციელებას და სასამართლო სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  სტუმრებს გააცნო მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის განხორციელებაც მოხდება ევროსაბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციითა და ხელშეწყობით.

სტუმრებს ასევე მიესალმენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მართლმსაჯულების სისტემასთან ერთად კოორდინაციაში განხორციელებული რეფორმების შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსისტემის ჩამოყალიბებას  და ახორციელებს ყველა იმ ასპექტს, რაც შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობაზე მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში. მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმომადგენელმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ  ნინო ბაქაქურმა შეფასების მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და მიმდინარე რეფორმის პროცესის მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ,,დამოუკიდებელი სასამართლო სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, მაგრამ სასამართლოს ხარისხის შეფასება დამოკიდებულია თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე,’’-აღნიშნა ნინო ბაქაქურმა.

საქართველოს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმის მოკლე მიმოხილვით შეხვედრის მონაწილეების წინაშე წარსდგა (CEPEJ)-ს პრეზიდენტი გეორგ სტავა, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის დინამიკასა და თანმიმდევრულობას და აღნიშნა, რომ ასეთი თემპითა და შედეგებით ბევრი წევრი ქვეყანაც კი ვერ მოიწონებს თავს. დღის წესრიგით გათვალისწინებული განრიგით გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  პრეზენტაცია, რომლებიც წარმოადგინეს ამ უწყებათა ხელმძღვანელმა პირებმა. მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის მხრიდან პრეზენტაცია გამართეს  კომისიის სამდივნოს თანამშრომელმა, სტატისტიკის სპეციალისტმა ლიდია ნაუმოვსკამ და  სასამართლო სისტემაში დროის მენეჯმენტის სპეციალურმა მრჩეველმა იანიკ მენცერმა.

მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისიის წევრებმა კონფერენციის დასრულების შემდეგ დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და გაემგზავრნენ  რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

შეფასების მისიის წარმომადგენლები ხვალ ასევე მოისმენენ სტატისტიკისა და ანალიზის, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პრეზენტაციებს, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის IT სამსახურის უფროსები. შეხვედრის მონაწილეები გამართავენ დისკუსიას სასამართლო სისტემის შეფასების სქემის შევსებისას მონაცემთა შეგროვების სირთულეებისა და CEPEJ-ს პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.

მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული    კომისიის  შეფასების მისია  სამუშაო ვიზიტს 20 სექტემბერს დაასრულებს.