ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყო

19 სექტემბერი 2019

     საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 18 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების თაობაზე.

 კანდიდატობის მსურველთა განცხადებები მიიღება დღეიდან - 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაკუთრებით მიესალმება შერჩევის პროცედურაში ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მონაწილეობას.

 შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, ასევე - სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა  5 წლის გამოცდილება.

 ამასთან, კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; გ) პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII-პრიმ თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იგი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს შეარჩევენ (შეაფასებენ) ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე.

 შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის - „ელექტრონული რეგისტრაციის“ - მეშვეობით.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე - სრულყოფილად აქვს წარდგენილი დოკუმენტაცია, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში  უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

 გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ფარული კენჭისყრით, გამოავლენს 3 კანდიდატს, რომელიც გადავა მოსმენის (გასაუბრების) ეტაპზე. ამის შემდეგ, საბჭო მოიძიებს ინფორმაციას ამ კანდიდატთა შესახებ და საჯაროდ მოუსმენს მათ, რაც გულისხმობს კანდიდატთა შესაფასებლად საბჭოს წევრთა შეკითხვებზე პასუხების გაცემას საჯაროდ.

  კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე ჩატარდება ფარული კენჭისყრა, რათა გამოვლინდეს მოსმენილ  კანდიდატთაგან ერთი, საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი. ამის შემდეგ, ამ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარდება კიდევ ერთი ფარული, საბოლოო კენჭისყრა, რომლის შედეგად კანდიდატი წარედგინება საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, თუ მას მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრი.