საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებია: საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და სტანდარტების შემუშავება, ხარისხის ჯგუფის შექმნა და მისი საქმიანობის კოორდინაცია, საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტი; საზოგადოების ინფორმირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.
ასევე, მოხდა საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტად გარდაქმნა, რომლის ფუნქციაში შედის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოებისათვის საკადრო პოლიტიკას და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვა; ატესტაციის ორგანიზება და ჩატარება; საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული – ორგანიზაციული საქმიანობა; ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვა.
სულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში შექმნილია 4 დეპარტამენტი:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების;
გ) ადამიანური რესურსების მართვის;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.