ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო კონფერენცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ

04 აპრილი 2018

2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს იუსტიციის საბჭომ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა უმასპინძლეს საჯარო კონფერენციას თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“, რომელიც გაიმართა  პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  ნინო გვენეტაძემ, USAID/საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა, ლორა ბერგერმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. ღონისძიებაზე  მოხსენებით წარსდგა მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი. ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც დაინიშნა მეოთხე ფედერალური საოქლო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და რომელიც  აშშ-ს მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს თავმჯდომარეობს. მოსამართლე დანქენმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა ამერიკამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე. ამერიკელმა მოსამართლემ ხაზი გაუსვა ამერიკის კონსტიტუციის მნიშვნელობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საქმეში ხელისუფლების შტოების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. მისი თქმით, „სასამართლო დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს აძლევს რწმენას, რომ კანონი ყველაფერზე მაღლა დგას“.

საჯარო კონფერენციას ესწრებოდა მართლმსაჯულების სისტემის თითქმის ყველა წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია აღნიშნული სექტორის გაძლიერებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, დონორების, სამოქალაქო საზოგადოების წევრები  და მოსამართლეები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ  საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა წევრმა თამარ ონიანმა წარმოადგინა   სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები  და საბჭოს ხედვები მათი გადაჭრის შესახებ.

საჯარო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება გაცნობოდა და ემსჯელა  ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტების მიღწევის გზაზე და როგორ შეუძლია სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა დამოუკიდებელად ადმინისტრირების გზით.