საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტი რობერტ სპანო, მოსამართლე ლადო ჭანტურია და მეხუთე სექციის რეგისტრი ვიქტორ სოლოვეიჩიკი.
პირისპირ აუდიენციის შემდეგ მხარეებმა პლენუმის დარბაზში გადაინაცვლეს. დელეგაციის წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა შედგა.
ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რობერტ სპანოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, და ამ კუთხით, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც.
შეხვედრაზე რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე მართლმსაჯულების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.