ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის განცხადება

26 იანვარი 2019

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია შევაფასოთ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით გაღრმავდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და უზენაეს სასამართლოში არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატურები.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება იმ განხილულ საქმეებზე, რაზეც მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილებები. გახშირდა მოსამართლეთა მიმართ აგრესიული და უპატივცემულო დამოკიდებულების ფაქტები. ამასთან, გაჟღერდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.

2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით, შეიქმნა მყარი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის: მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების გადაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რაც პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ქმნის სამართლებრივი სტაბილურობის გარანტიას.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით.

სასამართლოს განვითარება, საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა შეუქცევადი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია შეწყდეს სასამართლოს, განსაკუთრებით ჩვენს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია.

მოსამართლეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნას არა თუ არ გააჩნია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანის ნებას და საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი საერთაშორისო აქტით დეკლარირებულ გარანტიებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ისეთი ნაბიჯების არიდება, რომელმაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მართლმსაჯულების ინტერესები, მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

ობიექტურად გაანალიზონ და შეაფასონ მიმდინარე პროცესები, განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით.