ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას

02 მაისი 2017

გულდასმით გავეცანი თქვენს პასუხს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ აქტუალური საკითხი დააყენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

ჯერ რამდენიმე განმარტებას გავაკეთებ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვან თემაზე საჯარო დისკუსიის დაწყებას, ირღვევა თუ არა ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, გვაქვს თუ არა ადეკვატური რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმები და საერთოდ, რამდენად სწორად არის გაგებული ჩვენში ამ თავისუფლების შინაარსი. ჟურნალისტთა გამონათქვამების ციტირებები მოყვანილი იქნა საილუსტრაციო და სააზროვნო მასალად და არა იმისათვის, რომ ეს განცხადებები დადაგენილი პროცედურებით განგეხილათ ან ვინმე დაგესაჯათ. ამ განცხადებებზე საჩივრების წარდგენის ვადა ისედაც გასულია და თუნდაც ამიტომ ვერ მოითხოვდა საბჭო ორდინალური პროცედურების მეშვეობით მათ განხილვას.  თუმცა, ისიც ცხადია, რომ ვადის გასვლა არსებითად არაფერს ცვლის, ის არც საკითხის სერიოზულობას ამცირებს და ვერც ამ თვალსაჩინო პრობლემას  ვერ გააუქმებს თავისთავად.  

თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმ გარემოებას, რომ, ფაქტობრივად, საბჭოს განცხადებაში მითითებული უამრავი სადავო განცხადებებიდან უკლებლივ ყველა მათგანი უკავშირდება მხოლოდ ერთ საქმეს - ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავას. საბჭოს შესაძლებლობა ჰქონდა ეს საკითხი გაეაქტიურებინა გაცილებით უფრო ადრე, მაგრამ საბჭომ  თავი შეიკავა ამის გაკეთებისაგან მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ამ საქმეზე შიდა სასამართლოებში განხილვა მიმდინარეობდა, რათა თავიდან აეცილებინა იმგვარ მოსაზრებათა წარმოშობა (რაც მოსალოდნელი იყო), თითქოს საბჭო რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედებდა. საბჭომ ეს საკითხი წამოწია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხსენებულ საქმეზე საბოლოო შიდა სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ განცხადებებმა დიდი ზიანი მიაყენა სასამართლოსა და კონკრეტულ მოსამართლეთა რეპუტაციას, ხელი შეუწყო საქმეზე წინასწარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას საქმის შედეგით დაინტერესებული და, ამდენად ბუნებრივად მიკერძოებული ჟურნალსტთა მხრიდან. სწორედ ამიტომ გთხოვდით თქვენც და წერილის სხვა ადრესატებსაც,   ერთობლივად შეგვეფასებინა, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ამგვარი შემთხვევების მიმართ, რა არის ან რა მიიჩნევა ჩვენში ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვად თუ დარღვევად. ჩვენ მხოლოდ სასამართლოს რეპუტაცია კი არ გვადარდებს, არამედ უფრო ფართო, ღრმა საზოგადო პრობლემაზე მოგახსენებთ.

თქვენს განცხადებაში მიუთითებთ, რომ ქარტიას შემუშავებული აქვს ე.წ. გაიდლაინები სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან კარგია. მაგრამ განა ეს გაიდლაინები ყოველთვის დაცულია? ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ე.წ. მაღალი პროფილის საქმეებზე მედიაგაშუქება ტელეშოუებში თუ გაზეთის ფურცლებზე საქმის მედია განხილვებად არის გადაქცეული. ასეთი „განხილვები“ ხშირად არის დაკავშირებული საქმეზე წინასწარი საზოგადოებრივი აზრის შექმნასთან, სასამართლოზე და ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხის შექმნასთან,  საქმის რომელიმე მხარის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევასთან, რამდენადაც მცირდება იმის შესაძლებლობა, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პროცესზე განხილულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდეს, და არა ერთი რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ წინასწარ შექმნილ განწყობებს. ამიტომაც გთხოვდით, სადავო განცხადებები შეგეფასებინათ არა მარტო ცალ-ცალკე, არამედ კუმულაციურად, თქვენი ყურადღება გაგემახვილებინათ არა მარტო მათ შინაარსზე, არამედ რაოდენობაზეც. რომელიმე ერთი განცხადება, ცალკე აღებული, შეიძლება კიდევაც იქნეს შეწყნარებული გარკვეულ ვითარებაში, მაგრამ ერთად აღებული უამრავი განცხადება, თანაც ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სრულიად სხვა თვისებრიობას ქმნის. იგი გადაიქცევა ინფორმაციულ შტურმად, რომელიც არა მარტო სასამართლოს და კონკრეტულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას იწვევს და სასამართლოსადმი ხალხის ნდობის შენარჩუნების საჯარო ინტერესს აყენებს დიდ ზიანს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ მართლმსაჯულების ინტერესებს აზარალებს, რამდენადაც სასამართლოზე ზეწოლას ისახავს მიზნად, ან შეუძლია ეს გამოიწვიოს,  ხელს უწყობს საქმეზე წინასწარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რის გამოც ამცირებს  მხარეთა შანსს, ისარგებლონ საქმის სამართლიან განხილვის უფლებით.

განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი საქმეების თოქშოეუებში განხილვა, სადაც ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოტანონ, რომლებსაც გაცილებით ნაკლები მედეგობა აქვთ საზოგადოებრივი აზრისადმი, ვიდრე პროფესიონალ მოსამართლეებს. ამგვარი შემთხვევის საილუსტრაციოდ გამოდგება ერთ-ერთ ცნობილ თოქშოუში მამა-შვილის მკვლელობის საქმეზე (მ. პაპიძის საქმე) დაზრალებულის მოწვევა, სადაც გადაცემის წამყვანმა უამრავი შეკითხვა დაუსვა დაზარალებულს, ფაქტობრივად დაჰკითხა იგი  საქმის გარემოებების შესახებ. ამ შოუში ვიზუალური მასალაც უხვად იყო წარმოდგენილი. პირადად მე, ამ გადაცემის ნახვის შემდეგ ნამდვილად გამიჩნდა რწმენა, რომ ბრალდებული ნამდვილად დამნაშავე იყო.  ასევე მიუღებელი იყო სხვა თოქშოუში, რომელიც  ასევე მაღალი პროფილის საქმეს (ე.წ. ციანიდის საქმე) შეეხებოდა, მაყურებლისათვის ინერაქტივის შეთავაზება - ეპასუხათ კითხვაზე, მათი აზრით, ბრალდებული კრიმინალი იყო თუ მსხვერპლი.   სტრასბურგის სასამართლო ასეთი ტიპის განხილვებს მკვეთრად ნეგატიურად აფასებს და მას „ფსევდო-სასამართლო განხილვასა“ და „სასამართლოს როლის უზურპაციას“ უწოდებს.  

ველოდით, რომ ქარტია უკეთ დაინახავდა თემის პრობლემატურობას, მათ შორის იმას,   თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განხილვაში მყოფ საქმეების გაშუქების სტანდარტების დაცვა და რა დიდი ზიანის მოტანა შეუძლია უპასუხისმგებლო, მიკერძოებულ ან სკანდალებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკას მართლმსაჯულებისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესებისათვის. 

თუ ქარტიას მიაჩნია, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების დისკრედიტაცია, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, პიროვნების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა, მათდამი სიძულვილისა და მტრული დამოკიდებულების გაღვივება,  განხილვაში მყოფ საქმეზე წინასაწარი მიკერძოებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისაკენ წაქეზება  პრობლემატური არ არის, მაშინ  ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტები გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, სხვა ღირებულებებსაც ამკვიდრებს, მათ შორისაა სასამართლოს ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და ადამიანის პატივი და ღირსება, რომელსაც, სხვათა შორის,  ჩვენი კონსტიტუცია, გამოხატვის თავისუფლებისაგან განსხვავებით, ადამიანის „ხელშეუვალ“ უფლებად აცხადებს. მედიის თავისუფლება იმიტომ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ღირებულებას, რომ იგი არა მარტო თავისთავადი სიკეთეა, არამედ სხვა ღირებულებების დაცვის საშუალება. არა მგონია, რომ მედიის თავისუფლება, ზოგჯერ უნებლიედ, ხოლო ზოგჯერ ნებსით, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის იარაღად უნდა იქნეს გამოყენებული ზოგიერთი უპასუხისმგებლო ჟურნალისტის მიერ, ეს მედიის თავისუფლების დროშით ხორციელდებოდეს და თან ეს საამაყოდაც მიიჩნეოდეს. 

ვერ გავიზიარებ თქვენს მტკიცებას, რომ ქარტიის პრინციპები სრულად შეესაბამება ჟურნალისტთა საერთაშორისიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ  ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. ქარტიის პრინციპები  თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს საერთაშორისო პრინციპების დიდ უმრავლესობას, მაგრამ ქარტიაში რატომღაც გამოტოვებულია ჟურნალისტთა საერთაშორისიო ფედერაციის მიერ დამტკიცებული  ჟურნალისტთა ქცევის კოდექსის მე-2 პრინციპი, რომლის შესაბამისად,“ ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა დაიცვას ახალი ამბების კეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოქვეყნების, და სამართლიანი კომენტარისა და კრიტიკის უფლება“. ასევე, ქარტიის პრინციპები, საერთაშორისო კოდექსისაგან განსხვავებით, არა თუ მძიმე პროფესიულ დარღვევად, არამედ საერთოდ დარღვევად არ ასახელებს „ წინასწარ განზრახულ, ბოროტ, ღვარძლიან, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, უსაფუძვლო თავდასხმებსა  და ჭორების გავრცელებას“ (calumny, slander, libel, unfounded accusations, იხილეთ აღნიშნული კოდექსის მე-8 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი). სწორედ ამან დაბადა კითხვა, რომელ შემთხვევეასთან გვაქვს საქმე - ქარტიის ჟურნალისტებმა ამ ეთიკური მოთხოვნების დაცვის ვალდებულება შეგნებულად არ აიღეს თავის თავზე,  თუ  რაიმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.    

სხვას ვერაფერს, გარდა „დამაბნეველს“, ვერ ვუწოდებდი, თქვენს პასუხში მითითებულ   შემდეგ  განცხადებას: „ქარტიისათვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ, ქარტია, ისევე როგორც მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები პირიქით, ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომ ქვეყანაში არამხოლოდ ცენზურა, არამედ ჟურნალისტების თვითცენზურაც არ არასებობდეს, ვინაიდან „თვითცენზურა“ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან.“     

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვები ქარტიის წევრთა ნამდვილ დამოკიდებულებას არ შეესაბამება. „ჟურნალისტთა თვითშეზღუდვა და თვითცენზურა“ (რომელიც, თუ თქვენს განცხადებას დავეყრდნობით, „თქვენთვის გაუგებარია“), სხვა არაფერია, თუ არა ჟურნალისტების მხრიდან კონსტიტუციის, კანონების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, და ცხადია, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება, რომელიც პატიოსანი და კეთილსინდისიერი კომენტარის, ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის, სამართლიანი ბალანსის დაცვისა და სხვა მრავალ ვალდებულებასთან ერთად კიდევ იმასაც მოიცავს, რომ  ჟურნალისტებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უსაფუძვლო ზიანი არ მიაყენონ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს - ინდივიდების უფლებებსა და საჯარო ინტერესებს.  ქარტიაში გაწევრიანებულმა ჟურნალისტებმა,  ჟურნალისტური ეთიკის ნორმების აღიარებით, სწორედ „თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის ვალდებულება“ აიღეს თავზე. ქარტიაც ხომ იმისთვის ზრუნავს, რომ ჟურნალისტთა კორპუსმა ეს ვალდებულებები დაიცვას.  ამიტომ  მართლაც უცნაურია, „გაუგებარი“ უწოდოთ თქვენსავე საქმიანობას და იმას აცხადებდეთ, რომ ქარტია იზრუნებს, „ჟურნალისტების თვითცენზურა არ არსებობდეს, ვინაიდან თვითცენზურა წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან“. მგონი თავისთავად ცხადია, რომ თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის უარყოფა კეთილსინდისიერების, სამართლის უზენაესობის, მორალისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებაზე უარის თქმას, საკუთრივ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების უარყოფას ნიშნავს და არა მგონია, რომ თქვენ, ქარტიის პატივცემულო წევრებო, ამას უჭერდეთ მხარს.  ვფიქრობ, თქვენს მიერ არასწორად იქნა  განმარტებული საბჭოს განცხადებაში გამოყენებული სიტყვები „თვითშეღუდვა“ და „ თვითცენზურა“. მათში ჩვენ სწორედ ის გაგება ვიგულისხმეთ, რაც ზემოთ აღვწერე. ადამიანის უფლებათა სამართალში  ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში და ნამდვილად  არ ველოდი, რომ მათ რაიმე ნეგატიურ შინაარსს დაუკავშირებდით.

არადა, ყოველგვარი თავისუფლებით სარგებლობა სწორედ თვითშეზღუდვას გულისხმობს. ვერც თავისუფალი მედია იარსებებს თვითშეზღუდვის კულტურის გარეშე. თავისუფლება საერთოდ არ არსებობს სხვისი ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემის გარეშე. ჩვენ, ყველანი და მათ შორის მედია, შეზღუდულნი ვართ სხვისი უფლებებით და საჯარო ინტერესებით. კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა,  სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის  უზრუნველსაყოფად“.   სწორედ ამიტომ მიუთითებს კონვენციის მე-10 მუხლი საგანგებოდ „გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე“, რადგან უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ამ ღირებულებებისა და მთელი საზოგადოებისათვის. სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სწორედ ტელეჟურნალისტების მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ტელემედიას, გაზეთებთან შედარებით,  გაცილებით დიდი აუდიტორია ჰყავს და, ამასთან, მაყურებელზე უშუალო ზემოქმედების მოხდენის დიდი პოტენციალი გააჩნია.  დამატებით, კონვენციის მე-17 მუხლი უფლებათა ბოროტად გამოყენებასაც კრძალავს, სტრასბურგის სასამართლო შესაბამის საჩივრებს საერთოდ არ იღებს წარმოებაში და მათ კონვენციასთან ratione materie  დაუშვებლად (ანუ საგნობრივად შეუთავსებლად) აცხადებს, რითაც ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი „გამოხატვა“ საერთოდ არ არის  დაცული კონვენციის მე-10 მუხლით.   

მედიის მხრიდან თვითშეზღუდვის გარეშე ეს „თავისუფლება“ თვითნებობისა და განუკითხაობის თავისუფლებად ჩამოყალიბდება, რასაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან (რასაც სხვათა შორის, მედია უნდა ემსახურებოდეს) და არც  „თავისუფლების“ კლასიკურ და თანამედროვე გაგებასთან საზოგადოდ. დასანანია, თუ ქართველ ჟურნალისტთა ნაწილი არ იზიარებს ამგვარ დამოკიდებულებას და ყოველგვარი თვითშეზღუდვის წინააღმდეგია. მე პირადად, ნამდვილად არ მჯერა ამისა.

და თუ ეს, ჩვენდა სავალალოდ, მაინც სწორედ  ასეა, ანდა გამოხატვის თავისუფლების ამგვარ პროვინციულ, უკულტურო გაგებას ვამკვიდრებთ,  მაშინ ისღა დაგვრჩენია,  მედიის თავისუფლების დაცვის საბაბით ლეგიტიმურად გამოვაცხადოთ სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ფაქტების გამომზეურება, ადამიანთა შეურაცხყოფა, მათი ცილისწამება,  ომისა და იდეოლოგიური პროპაგანდა, ტვინების რეცხვა, ძალადობისაკენ წაქეზება, რასობრივი, რელიგიური და სხვაგვარი შუღლის გაღვივება, რასისტული და სხვა შეუწყნარებლობის გამოვლინებანი, სიძულვილის ენის გამოყენება და მრავალი სხვა უკეთურობა, ვინაიდან ესენიც აზრის გამოხატვის ფორმებია. ამის კვალობაზე კი გავაუქმოთ კონსტიტუცია, კანონები და ეთიკის ნორმები, რომლებიც ამ ღირებულებებს იცავს;  ანდა, ჟურნალისტთა კორპუსს მივანიჭოთ სრული იმუნიტეტი და განვაცხადოთ, რომ ისინი „კანონზე მაღლა“ დგანან და მათთვის ყველაფერი დაუშვებელი დასაშვებია. სწორედ აქეთკენ მივყავართ, ძვირფასო ბატონებო, თქვენს განცხადებას, რომ „ჟურნალისტური თვითცენზურა არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან „თვითცენზურა“ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან“.

დაბოლოს:  დემოკრატიას თვითრეგულირებად და თვითდისციპლინირებულ საზოგადოებას უწოდებენ, სადაც გასაქანი არა აქვს თვითნებობას და განუკითხაობას. სხვაგვარად, დემოკრატია უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ საქმიანი თანამშრომლობისაკენ, რადგან მედიის თავისუფლება  საზოგადოების საჭირბოროტო საკითხების სააშკარაოზე გამოტანას უნდა ემსახურებოდეს.   ის, თუ რამდენად წარმატებულად ასრულებს მედია თავის ამ როლს, ესეც საზოგადოებრივი  ინტერესის მქონე საკითხია. არც იმის უარყოფა ეგების, რომ  არც ამ სფეროშია ყველაფერი ჩინებულად და მედიის წარმომადგენელების წინააღმდეგაც შეიძლება კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა.  საბჭოს განცხადებაც და ჩემი ეს წერილიც სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.  

დიდი პატივისცემით.