ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

04 აპრილი 2017

2017 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,   საქართველოს   იუსტიციის   უმაღლესი   საბჭოს მდივანი, წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია,   რომ   მართლმსაჯულების   სტრატეგიის   და   სამოქმედო   გეგმის   შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო ორგანოებთან ერთად წარმოდგენილია 36 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“. დღეისათვის უკვე შემუშავებულია მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსია, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია დისკუსიის გამართვა საქართველოს პარლამენტში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გასული წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის განვითარებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.