2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრიდან - 4 საქართველოს პარლამენტმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია. მეხუთე წევრის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, საჭიროა პარლამენტართა ხმების 2/3.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.