ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა

08 ივლისი 2015

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინსტრი  ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემის სტაბილურობის, დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და განმტკიცებაზე ისაუბრეს.

სასამართლოს შიგნით სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მურუსიძისგან მოისმინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული ის შეხედულებები, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით აქვს.

"ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბარი. მოვისმინე ბატონი ლევანის მოსაზრებები სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რაც სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იქნა წარმოდგენილი და რაც მთავრობამაც მოიწონა. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ და შევისწავლით მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებები. ასევე მიმაჩნია, რომ კონსულტაციები უკვე პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს შიგნით სტაბილურობა. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა მხოლოდ კონსულტაციების, დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა აღნიშნულისა, პრემიერის განმარტებით, საუბარი შეეხო სასამართლო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და სისტემაში კორუფციის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობასაც.

,,ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ აუცილებელია, შენარჩუნდეს და გამტკიცდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი ჩარევისგან. ჩვენი ერთ-ერთი მონაპოვარი არის სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ გზაზე ვიქნებით აბსოლუტურად შეუპოვარნი. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური მუშაობა და დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სასამართლოში კორუფციის რისკები, ვინაიდან კორუფცია სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი დამანგრეველია“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ სასამართლო სისტემის სტაბილურობის, დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და განმტკიცებაზე ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლის, რომ შეხვედრის თაობაზე ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა. საუბარი გვქონდა სასამართლო სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც პირველ რიგში გამომდინარეობს საკანონმდებლო დონეზე სტაბილურობიდან. მე ვუთხარი ბატონ პრემიერს, რომ გავაგრძელებთ პარლამენტში ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას. ასევე გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოს შესახებ აზრის გამოხატვის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, მეტიც, საქმეებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ თავიანთი პოზიციის გამოხატვისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონკრეტულ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება შეილახოს ზოგადად სასამართლოს იმიჯი. ასე რომ, ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს ამ კუთხით პასუხისმგებლობა. ჩვენი, ყველას ინტერესია, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ამ ორი წლის განმავლობაში, თუმცა ამას სჭირდება გაგრძელება. შესაბამისად, ყველა ვალდებული ვართ, რომ ამ ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და მიუხედავად იმისა, სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით თუ არა, ვიზრუნოთ დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულებისთვის" - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

ზემოაღნიშნული საკითხების გარდა პრემიერ-მინისტრთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის დროს საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებსაც შეეხო.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილსა და ლევან მურისიძეს შორის შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით გაიმართა.