ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მასშტაბით მოქმედი 264 მოსამართლეა

09 ივლისი 2008
სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საკადრო რეფორმა, კერძოდ, მაღალკვალიფიციური სამოსამართლო კორპუსის შექმნა, რომელიც მოიცავს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დახვეწას და გამჭვირვალობას.

კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით 2005 წლიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა 8 საკვალიფიკაციო გამოცდა და 11 შესარჩევი კონკურსი. სულ, საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 4361-მა, ხოლო გამოცდა ჩააბარა 688 კანდიდატმა.

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ხდება განათლების, ინტელექტის, პროფესიული გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, მოტივაციის, საქმისადმი დამოკიდებულების, კომუნიკაბელობის, მორალური-ეთიკური თვისებების გათვალისწინებით.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედი 264 მოსამართლიდან, 137-კაცი და 127-ქალი ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას. საქართველოს უზენაეს სასამართლოში კი 18 მოსამართლიდან 9 კაცი და 9 ქალი მოსამართლეა.

გაერთიანებულ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, ასევე გვხვდებიან მაგისტრატი მოსამართლეებიც, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. საქართველოს მასშტაბით 8 მაგისტრატი მოსამართლეა.

სასამართლო რეფორმის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების შევსება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო სისტემის მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმალური ფუნქციონირება. ამ მიზნით მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი გრძელდება და ამა წლის შემოდგომაზე დაგეგმილია როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ასევე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებად იუსტიციის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის ჩატარება.