მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე (შესვენება 14.00-დან 15.00 საათამდე), შაბათ-კვირის გარდა.
სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე.
სტაჟიორობის კანდიდატი საკუთარი სურვილით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელშიც სურს სტაჟირების გავლა. სტაჟიორი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმდგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. კონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
არჩეული სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამისად, სტაჟიორობის კანდიდატს
დამატებით მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
1. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
ა) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
გ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
დ) ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საერთო სასამართლოების სისტემის მარეგულირებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.
2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ა) საქართველოს შრომის კოდექსი;
ბ) ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საერთო სასამართლოების სისტემის მარეგულირებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.
3. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი
ა) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
გ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
დ) ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება.
(ამ პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველ კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით).
4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი
ა) ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები”
გ) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საერთო სასამართლოების სისტემის მარეგულირებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტაჟირების კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განაცხადი სტაჟირებაზე; განაცხადის ფორმა PDF განაცხადის ფორმა WD
2. ავტობიოგრაფია;
3. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის (დიპლომი) ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
4. შრომის წიგნაკის ასლი; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5. ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
7. რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირის (პირების) მიერ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12 ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 227 31 00 + 111 ან 130 ფაქსი: 227 31 09