ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში ცვლილების პროექტი დაამტკიცა

17 ივლისი 2017

2017 წლის 17 ივლისის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეგლამენტში ცვლილების პროექტი. წარმოდგენილი ცვლილებით დარეგულირდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს.  

რეგლამენტში ცვლილების შეტანა განაპირობა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 16 ივნისს განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლითაც დადგინდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ორგანულ კანონში ცვლილება კი, თავის მხრივ დაეფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების პროცესის ობიექტურობას და გამჭვირვალობას.

დღეის მდგომარეობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, საერთო სასამართლოებში 150-მდე მოსამართლეა, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ცვლილების შესაბამისად, მათ 2017 წლის 17 ივლისიდან მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.