საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს „ასოცირების დღის წესრიგი“, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს. ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს მართლმსაჯულება წარმოადგენს.
მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმთავრესი დანიშნულებაა. საბჭო უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობას, საზოგადოებასთან გამჭვირვალე ურთიერთობას და ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცებას.
2014 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში“ შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, დადგინდა მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები და კრიტერიუმების შეფასების პრინციპები, განცხადების წარდგენის წესი და წარსადგენი საბუთების ნუსხა, კონკურსის წესით მოსამართლეობის კანდიდატის საკითხის განხილვის, გასაუბრების, დოკუმენტაციის შემოწმების, ინფორმაციის მოძიების და გაცნობის წესი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვალდებულებები, განიმარტა შეფასების მახასიათებლები.
ცვლილებების მიღებას წინ უძღოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არაერთი სამუშაო შეხვედრა და დისკუსია. ერთობლივი მუშაობის შედეგად, კონსენსუსის გზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ევროპული გამოცდილების საფუძველზე და უცხოელი კოლეგა ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურის თაობაზე ერთიანი სრულყოფილი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც ერთმანეთს უხამებს ერთი მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ კი, კონკრეტული მოსამართლეებისა და საზოგადოების უფლებებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და მართლმსაჯულების ინტერესებთან. ამასთან, დაცულია როგორც თითოეული მოსამართლის ინტერესი, ისე საზოგადოების უფლება, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ, მაღალკვალიფიციურ და პატიოსან მოსამართლეებს მიანდოს მართლმსაჯულების უვადოდ განხორციელება.
მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსის წესით შერჩევა, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით და უვადოდ დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით განხორციელდება.
აღნიშნული დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.