2017 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2017-2021 წლების საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წწ. სამოქმედო გეგმა.
სასამართლოს სისტემის 5 წლიანი სტრატეგიის დოკუმენტი, დაყოფილია 5 სტრატეგიულ მიმართულებად (დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, ხარისხიანი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა) და მიმოიხილავს თითოეული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ძირითად ამოცანებსა და მიზნის მიღწევის მთავარ ზომებს. ბოლო ნაწილი კი ეხება სტრატეგიის განხორციელების მექანიზმს და მონიტორინგისა და შეფასების პროცედურას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დემოკრატიის ქარტიის ფარგლებში დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიმუშავა საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები შემუშავდა სტრატეგიული კომიტეტის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მართვას ორგანიზებას უწევდა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი“. პროცესში ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართული ექსპერტი ბ-ნი ალეშ ზალარი, მოსამართლე რენატე ვინტერი და ევროპის საბჭოს ექსპერტი ქ-ნი დიანა კოვაჩევა.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ), ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტის, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით წარიმართა.