2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. კანონმდებლობის შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და წევრის თანამდებობა დატოვა.
„საბჭოში მუშაობას თან ახლდა ბევრი გამოწვევა და სიახლე. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი წვლილი შემეტანა სასამართლოს განვითარებაში. ჩემი საქმიანობის შეფასება თქვენთვის მომინდია, მზად ვარ კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, რაც დარწმუნებული ვარ იქნება, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულმა პროცესებმა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა’’,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობა ასევე დატოვა რევაზ ნადარაიამ. ახალ წევრებსა და მდივანს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ. კონფერენცია 30 ოქტომბერს ჩატარდება.