ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს

19 სექტემბერი 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს. მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული                              10 წელი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა  შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები:

ა)  მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა;

ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

გ) ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან  ID ბარათი;

ე) ფოტოსურათი 3X4.

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი.

კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეტანილად მიიჩნევს განაცხადს და კანდიდატს არ მიეცემა მისი დასრულების შესაძლებლობა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

 

რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.

 

კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

პროგრამული ხარვეზისა და სხვა შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (32) 2 273 100 (+) 128, 111 ან 116 (შიდა); 595 223 599, 577 988 884