ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უცხოელ ექსპერტებს შეხვდნენ

04 ოქტომბერი 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია, ირაკლი შენგელია და შოთა ქადაგიძე ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ პროგრამის ექსპერტს, ფრანგ მოსამართლე ერიკ მინეგერს; პროგრამის მრჩეველს, ლატვიის უმაღლესი სკოლის დირექტორს სოლვიტა კალნინეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელს ანიკო ფარჯიანს შეხვდნენ.

შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ სასამართლო სისტემაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა  პროფესიული მომზადებისა და მოსამართლეთა პროფესიული  გადამზადებისთვის არსებული მოდელის დახვეწასა და სწავლების ხანგრძივობის გაზრდაზე. აღინიშნა, რომ ამ მხრივ ტვინინგის პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბრის დროს, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ტვინინგის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სასამართლო სისტემის ცალკეული უწყებებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ორგანიზაციების მოსაზრებების მოსამენა და მათთან აქტიური თანამშრომლობა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ განხორციელება დაიწყო  2017 წლის 1 სექტემბრიდან ლატვიის სასამართლოს მიერ საერთაშორისო მართლმსაჯულების, ფრანგული სამაგისტრო სკოლისა და ხორვატიის სამართლის აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. 18 თვიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარების ხელშეწყობას, როგორც საწყისი ტრენინგების, ასევე მოსამართლეთა მოსამზადებელ ეტაპზე. გარდა ამისა, ტვინინგის პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისა და ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა და ელექტრონული სწავლების პროგრამის დანერგვა და განვითარება.