დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათთან თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.
სხდომაზე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი (ტესტური) ტურის შედეგებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის მიმართულების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შეიქმნა და საერთო სასამართლოების აპარატის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებს.
ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და სტანდარტების შემუშავება, ხარისხის ჯგუფის შექმნა და მისი საქმიანობის კოორდინაცია, საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტი; საზოგადოების ინფორმირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.
ახლად შექმნილი დეპარტამენტი შეიმუშავებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სასამართლოს აპარატის თანამშრომელი (მისაღები, კანცელარია, მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი) და შემდგომში გაუწევს მონიტორინგს დადგენილი სტანდარტების შესრულებას.
2011 წლის 17 სექტემბერს დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპი (ტესტური გამოცდა). მეორე ეტაპზე გასასვლელად გამოსაცდელს 75 და მეტი ქულა უნდა დაეგროვებინა. მეორე ეტაპი მოიცავს წერით გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) ჩატარდება 2011 წლის 24 სექტემბერს.