ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადება

26 დეკემბერი 2018

 

2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. აღნიშნულ პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.


პირველ რიგში გვინდა განვმარტოთ ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მინიმუმ 28 უნდა იყოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს. შესაბამისად ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის რომ მიგვეღო გადაწყვტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება.


ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს.