საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გავაკეთოთ განცხადება 2015 წლის 2 დეკემბერს ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულვებელყოფით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული ფარგლებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს, როგორც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას, ასევე შესაბამის შეფასებას მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს.