2015 წელს 26-დან 29 მაისის ჩათვლით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საბჭოს მდივნის - ლევან მურუსიძის ხელძღვანელობით, ასევე, სადისციპლინო კოლეგიის წევრები, სასწავლო ვიზიტით მადრიდში (ესპანეთი) იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, მოსამართლე გარსია მორენო და უფროსი მოსამართლე და მოსამართლეთა შესარჩევი სამმართველოს უფროსი მანუელ ოლმედო პალასიოსი შეხვდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ესპანეთის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს სტრუქტურას.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული შეხვედრების გარდა, დელეგაციის წევრებს, ესპანელ კოლეგებთან ერთად, საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: დისციპლინური სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობის სახეები; დისციპლინური სახდელების გამოყენების არსებული პრაქტიკა; დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნები; დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი; მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმები; მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება და ხარისხის მართვა.
დელეგაციის წევრებმა, დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის უზენაესი სასამართლოც მოინახულეს.