საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მკვეთრად უარყოფითად აფასებს ორიოდე დღის წინ მომხდარ ფაქტს - საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისათვის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნას მის მიერ ბაჩო ახალაიასა და სხვათა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.
აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას, მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას, სასამართლოსადმი უპატივცემულობას, მისი დამოუკიდებლობის, ავტორიტეტისა და პრესტიჟის ხელყოფას.
ერთი მხრივ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან მოსამართლისათვის ანგარიშის მოთხოვნა მიღებული გადაწყვეტილების გამო, მისი სამომავლო დაშანტაჟება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მის სამოსამართლო საქმიანობაზე მომავალში.
მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედება უარყოფით გავლენას მოახდენს იმ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რომლებსაც მოუწევთ ამ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებების მიღება სააპელაციო თუ საკასაციო წესით.
საზოგადოდ, ყველას აქვს სასამართლო გადაწყვეტილების უარყოფითად შეფასების უფლება, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა არა უბრალოდ გადაწყვეტილების კრიტიკას, არამედ უშუალოდ მოსამართლის უხეშ პირად შეურაცხყოფას. მით უმეტეს მიუღებელია ასეთი ქმედების ჩადენა პარლამენტის წევრის მხრიდან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.
მაშინაც კი, როდესაც საქმე შეეხება არა მოსამართლის შეურაცხყოფას, არამედ მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას, სახელმწიფო მოხელეებს, და მით უფრო პოლიტიკური თანამდებობის პირებს განსაკუთრებული თავშეკავება და ზომიერება მოეთხოვებათ. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დასაცავად. მით უმეტეს, დაუშვებელია მოსამართლის პირადი შეურაცხყოფა მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. მოსამართლე ბუგიანიშვილის „მონად“ მოხსენიება წარმოადგენს არა მარტო კონკრეტულად ამ მოსამართლის, არამედ მოსამართლეთა მთელი კორპუსის შეურაცხყოფას, სასამართლოსადმი უპატივცემულობის უხეშ გამოვლინებას. დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა დაუშვა ამგვარი რამ.
სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვა, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველ ღონეს მიმართავს საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი და ხალხის ნდობით აღჭურვილი სასამართლოს შესაქმნელად და იგი არ შეეგუება მსგავს გამოხდომებს მოსამართლეთა წინააღმდეგ.