ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლების სამუშაო ვერსია

28 თებერვალი 2017

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მართლმსაჯულების სტრატეგიას და ხუთწლიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. პროცესი დონორი ორგანიზაციების, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ GIZ), ევროკავშირის პროექტი „მართლმსაჯულების რეფორმირების მხარდაჭერა“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) ჩართულობით მიმდინარეობს.

მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროცესში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიული მიმართულებების თანხვედრისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, ხელისუფლების სამი შტოს მონაწილეობით ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“, სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომიტეტმა სტრატეგიის მიზნის და ამოცანების განსაზღვრისთვის სამუშაო ჯგუფის 20-ზე მეტი შეხვედრა და 50-მდე ინდივიდუალური ინტერვიუ  ჩაატარა. მათ შორის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებაში მოწვეული  გახლდათ საერთაშორისო ექსპერტები - ბატონი ალეშ ზალარი, ლუბლიანას რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე რენატე ვინთერი, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი დიანა კოვაჩევა, ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბულგარეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი. ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად და საერთაშორისოდ აღიარებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გაძლიერების ძირითადი ჩარჩო დოკუმენტების მიხედვით, ისევე როგორც ანტიკორუფციული მონიტორინგის ანგარიშების საფუძველზე, მართლმსაჯულების სტრატეგიული მიმართულების ოთხი ძირითადი მიზნის გარშემო პირველადი დოკუმენტი შემუშავდა.

ამჟამად, მართლმსაჯულების სტრატეგიული ამოცანების და მათი განხორციელების მექანიზმებზე, სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია მომზადებულია და კომენტარებისთვის გაეგზავნათ კომიტეტის მონაწილეებს. სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში მოსამართლეების ჩართულობა და მათი მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

შესაბამისად, გიგზავნით სტრატეგიის პირველად ვერსიას კომენტარებისთვის და მოსაზრებების წარმოდგენისთვის. გთხოვთ, 6 მარტის ჩათვლით მოსაზრებები მიაწოდოთ კომიტეტის სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:   

საკონტაქტო პირია:

ნათია ზურაბაშვილი

e-mail:  strategiccommittee@hcoj.gov.gen.zurabashvili@hcoj.gov.genzurabashvili@yahoo.com

(+995) 599 29 24 09

იხილეთ თანხართული ფაილი.