ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

03 ოქტომბერი 2017

სასამართლოს სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია,  საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა და ახალი საკანონმდებლო წინადადებები, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების ხარვეზები და გამოწვევები, ასევე მომხსენებლებმა ისაუბრეს საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ.

გაეროს სპეციალური ტრიბუნალის საერთაშორისო მოსამართლემ და ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ ექსპერტმა აგნეშკა მილატრიმ საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა მიმოიხილა.