ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი გაიმართა

11 დეკემბერი 2015

2015 წლის 7-11 დეკემბერს ევროკავშირისა და  ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის  ,,აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებში,  სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ -ის ფარგლებში სამი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები საქართველო უზენაესი სასამართლოში გაიმართა. სამუშაო შეხვედრებს ექვსი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე განიხილეს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის  და სამოსამართლო ეთიკის,  ელექტრონული მართლმსაჯულებისა და  უფასო იურიდიული დახმარების საკითხები. ამ მნიშვნელოვანი თემების განხილვა ევროპული და სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ზოგადი მიმოხილვით დაიწყო და გაგრძელდა მონაწილე ქვეყნებში არსებული მდგომარეობის განხილვით. მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე, გაცვალეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები.

რეგიონული დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2015 წლის 10-11 სექტემბერს სტრასბურგში გაიმართა და პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელთა შორის გადანაწილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროკავშირისა და  ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის  ,,აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებში  სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ -ს ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრა 2015 წლის 11 დეკემბერს  შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდა.

სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.