2012 წლის 7 მაისს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ), იუსტიციის უმაღლეს სკოლას (HSOJ), თბილისის საქალაქო სასამართლოს (TCC), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრს (NCADR), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და (USAID)-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს (JILEP) შორის სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნება და განხორციელდება სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტი. სასწავლო კურსის პირველ ეტაპზე საჯარო კონკურსის წესით 35 კანდიდატი შეირჩევა. მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები მედიაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში გაივლიან ზოგად ტრეინინგს.
შეფასების საფუძველზე კანდიდატთა გარკვეული ნაწილი სწავლას გააგრძელებს მეორე ეტაპზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეები ჩაერთვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს საპილოტე პროექტში და წარმართავენ სასამართლოს მიერ გადაცემული საქმეების მედიაციას.
სასატუმრო ,,თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სასამართლო მედიაციის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები. კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა და საკონკურსედ წარმოდგენილი ნაშრომიდან ჟიურიმ სამი საუკეთესო შეარჩია.
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ.