2011 წლის 14 ნოემბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნა ,,კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ ორგანიზებული ფორუმი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიროტაძე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ სულაქველიძე. ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ექსპერტები.
ფორუმი შეეხებოდა მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, მივლინებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს. მიზნად ისახავდა სასამართლო რეფორმის პროცესში საზოგადოების სხვადასხვა სექტორს შორის დიალოგის გაგრძელებას.
ფორუმის გახსნამდე, USAID-ის პარტნიორი ორგანიზაციების და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართეს გრანტების დაჯილდოების ცერემონია. საჯარო გახდა ინფორმაცია ადვოკატირებისა და უფასო იურიდიული დახმარების ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც ფონდის მიერ USAID-ის მხარდაჭერით დაფინანსდა.
ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევით, საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული.