ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

23 მაისი 2017

2017 წლის 23 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესის სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემაც მიმართა.  სხდომას მოდერაცია დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის თავმჯდომარე, სლოვენიის იუსტიციის ყოფილიმა მინისტრმა, საერთაშორისო ექსპერტმა - ბატონმა ალეშ ზალარიმ გაუწია. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესაბამისი მიმართულებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო სასამართლი სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომლის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის  უმაღლესმა საბჭომ ჩამოყალიბდა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილები არიან:  საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაცია,  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები. სტრატეგიის განვითარების პროცესის მართვას ორგანიზებას უწევდა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი“.

სტრატეგიის შემუშავების პროცესი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევრო საბჭოს წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წარიმართა.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე შემუშავდა სასამართლოს სისტემის 5 წლიანი სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც დაყოფილია 5 სტრატეგიულ მიმართულებად და მიმოიხილავს თითოეული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ძირითად ამოცანებსა და მიზნის მიღწევის მთავარ ზომებს. ბოლო ნაწილი კი ეხება სტრატეგიის განხორციელების მექანიზმს და მონიტორინგისა და შეფასების პროცედურას.