2012 წლის 10 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, ასევე გამოცხადდა პირველი კონკურსი მედიისა და ხელოვნების დარგში - ,,მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ ნომინაციაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის უზრუნველოყოფა და სხვა.
საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა საჭიროებისამებრ განახლდება ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - ,,მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“ - მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქებას, ასევე მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების სწორ ინფორმირებას.
კონკურსი დღეს გამოცხადდა. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი, რის შემდეგაც კომიტეტის მიერ მოხდება განაცხადების განხილვა, ნოემბერში გამოიცემა კრებული და დეკემბერში გაიმართება ,,მოსამართლის ოქროს ჩაქუჩით“ დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი და ჯილდო ”მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი”.
ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის-(JILEP)-ის, ადვოკატთა კორპუსის, ასევე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - ,,მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“-ს შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.
საკონკურსო მასალები შეგიძლიათ გამოგზავნოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: council@hcoj.gov.ge