ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთო სასამართლოებში სასამართლო მრჩევლის პროგრამა იწყება

18 ივნისი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლო მრჩევლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამას  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი   ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ  საკითხებში,  მაიკლ გრანტმა და აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა სასამართლო რეფორმის საკითხებში, კენტ კესირბიმ  მიაწოდეს. 

ახალი პროგრამის მიზანია სასამართლო სისტემის გაძლიერება.   სასამართლოს მრჩეველი მოსამართლეებს  დახმარებას გაუწევს  ყოველდღიურ საქმიანობაში. ის  სასამართლო სხდომებს დაესწრება და პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება.

პროგრამის ფარგლებში იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოსამართლეების ვიზიტი საქართველოში, ასევე  სასწავლო ვიზიტები ამერიკის სასამართლოებში.

სასამართლოს მრჩეველი აქტიურად  ითანამშრომლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.