2011 წლის 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი სტუმრებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ამაღლების, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, მოსამართლეთა დანიშვნის, შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოსამართლეთა შრომის დისციპლინის დაცვისა და დისციპლინური სამართალწარმოების, სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებმა მიმდინარე რეფორმის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იმსჯელონ სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრები ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.