საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების უფროსები საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარდგნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული და საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განსახილველი პროექტები წარუდგინეს საბჭოს წევრებს.
დღის წესრიგის მიხედვით, განიხილეს 6 მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დანიშვნა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
დღევანდელი საბჭოს სხდომა საჯარო იყო ყველა მსურველისათვის და მას USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” (JILEP) პროექტის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომების დღის წესრიგი გამოქვეყნდება საბჭოს ვებ გვერდზე და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრნონ სხდომებს.