ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

03 ივლისი 2017

დღეს, 3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები,  საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების,  საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში საპილოტე რეჟიმში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილება განხორციელდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა შექმნილია საერთო სასამართლოების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ და მისი მოთხოვნები ეფუძნება თანამედროვე  დაპროგრამების  სტანდარტებს. სისტემის უსაფრთხოების  მაჩვენებლები უზრუნველყოფს  სისტემის  დაცულობას, მესამე მხარის მიერ შეუღწევადობასა და საიმედოობას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ საქმეთა შემთხვევით განაწილების პრინციპთან ერთად, ელექტრონული განაწილების სისტემა  უზრუნველყოფს  მოსამართლეთა თითქმის თანაბარ დატვირთულობას.