ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრემიერ მინისტრი სტუმრად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

08 აპრილი 2014

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  დღეს  საქართველოს პრემიერ მინისტრი  ეწვია.  ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და  წევრებს   შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პრემიერ მინისტრმა  სასამართლო ხელისუფლებისადმი თავისი ღრმა პატივისცემა დაადასტურა. 

საუბარი შეეხო  მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს.  პრემიერ  მინისტრმა ასევე  აღნიშნა, რომ  მთავრობის დაპირება  მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შესრულებულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს,  რათა მოხდეს  სრულყოფილი კანონების  მიღება.   შეხვედრისას აგრეთვე ისაუბრეს, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის შესახებ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა  ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

,,მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ მინისტრმა თავისი მობრძანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, მთავრობის პოზიცია, რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა.

რამდენიმე საკითხი განვიხილეთ.  ხაზი გაესვა მოსამართლეთა  ხელფასების  მომატების მნიშვნელობას. მოსამართლეებისათვის ღირსეული ანაზღაურება არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტი.

იმ საპასუხისმგებლო საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც მოსამართლე ახორციელებს მას სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჰქონდეს სათანადო დაფასება.  მოსამართლეები ვალდებულნი არიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ პირუთვნელად და კეთილსინდისიერად.

ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმა  რომ  შეუქცევადი და წარმატებული იყოს, აუცილებლად მიმაჩნია კანონპროექტების შემუშავებაში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, ჩართული იყოს  სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ თანამშრომლობა აღნიშნული კუთხით არ ხორციელდებოდეს მხოლოდ კანონპროექტის პრეზენტაციის დროს“- აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

 

 იხილეთ ვიდეო