2016 წლის 17 თებერვალს უზენაეს სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული/საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და სხდომის მდივნებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებს ინფორმაცია მიაწოდა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამართლებრივ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ ასპექტებზე.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ირგვლივ მოსაზრებების ურთიერთგაცვლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული საკონონმდებლო ცვლილებები და აგრეთვე, გაეცნენ მოწმის დაკითხვის სტანდარტებთან დაკავშირებით არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის ფორმატში. მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებთან გაიმართება მიმდინარე წლის 21 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში.